კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026-09-05
ვისზეა ეს დოკუმენტი
Skano-ს ორი სახის მომხმარებელი ჰყავს: დაწესებულების მფლობელი, რომელიც ქმნის ანგარიშს და მართავს მენიუს, და სტუმარი, რომელიც QR კოდით ხსნის საჯარო მენიუს. მონაცემები სხვადასხვაგვარად გროვდება.
მფლობელის მონაცემები
- სახელი და ელ. ფოსტა – ანგარიშისა და შესვლისთვის.
- პაროლი – ინახება მხოლოდ ჰეშის სახით (bcrypt); ღია ტექსტს არ ვინახავთ.
- დაწესებულების ინფორმაცია: სახელი, აღწერა, კონტაქტი, მისამართი, სამუშაო საათები, მენიუ და ფასები. ეს შენ თვითონ ავსებ და საჯარო მენიუზე ჩანს.
- გეგმისა და გამოწერის სტატუსი.
სტუმრის მონაცემები
სტუმარს არც ანგარიში სჭირდება და არც პერსონალურ მონაცემს ვთხოვთ. მენიუს გახსნისას ვინახავთ ანონიმურ მოვლენას:
- მოვლენის ტიპი (მენიუს ნახვა ან კერძზე დაჭერა) და დრო;
- ენა და მოწყობილობის კატეგორია (მობილური / ტაბლეტი / დესკტოპი);
- მაგიდის კოდი, თუ QR მაგიდისაა – მხოლოდ მაშინ, თუ კოდი ამ დაწესებულების რეალურ მაგიდას შეესაბამება.
რას არ ვაგროვებთ
IP მისამართს არ ვინახავთ ბაზაში – ის მხოლოდ პროცესის მეხსიერებაში გამოიყენება მოთხოვნების სიხშირის შესაზღუდად და რესტარტზე იშლება. სტუმრის მხარეს ანალიტიკური cookie და მესამე მხარის ტრეკერები არ გვაქვს.
თუ სტუმარი ტოვებს შეფასებას, ვინახავთ ქულას და კომენტარის ტექსტს. კომენტარი თავისუფალი ველია – არ ჩაწერო იქ პერსონალური ინფორმაცია.
Cookie
ვიყენებთ ორ cookie-ს და არცერთი არ არის სარეკლამო ან ანალიტიკური.
პირველი – სესიის ტოკენი, მხოლოდ შესული მფლობელისთვის. httpOnly არის (JavaScript-ს არ მიუწვდება ხელი), მოქმედებს 7 დღე და HTTPS-ზე მხოლოდ დაცული კავშირით გადაეცემა.
მეორე – skano_guest: შემთხვევითი რიცხვი, რომელიც სტუმარს მხოლოდ მაშინ ეძლევა, როცა შეფასებას ტოვებს. ის ემსახურება ერთადერთ მიზანს – ერთი მოწყობილობიდან დღეში ერთი შეფასება. არაფერს ამბობს იმაზე, ვინ ხარ, და ბაზაში მისი მხოლოდ ჰეში ინახება, თავად მნიშვნელობა – არა. მოქმედებს ერთი წელი.
სურათები
ატვირთული სურათები მუშავდება სერვერზე: ზომა ისწორება, ფორმატი გარდაიქმნება WebP-ად, ხოლო მეტამონაცემები (მათ შორის EXIF გეოლოკაცია) იშლება. ფაილები ინახება დაწესებულების იდენტიფიკატორით მონიშნული სახელით, რომ სხვისი ფაილი შემთხვევით ან განზრახ ვერ წაიშალოს.
მესამე მხარეები
- ელ. ფოსტის გამგზავნი (Resend) – მხოლოდ დადასტურებისა და პაროლის აღდგენის წერილებისთვის, თუ ჩართულია.
- ობიექტური საცავი (S3-თავსებადი) – ატვირთული სურათებისთვის, თუ ჩართულია.
- შეცდომების მონიტორინგი (Sentry) – ტექნიკური შეცდომების დიაგნოსტიკისთვის, თუ ჩართულია.
- გადახდის პროვაიდერი – ჯერ არ არის ინტეგრირებული; ბარათის მონაცემებს არ ვამუშავებთ და არ ვინახავთ.
შენახვის ვადა და უფლებები
მონაცემები ინახება მანამ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშს ნებისმიერ დროს წაშლი პანელიდან – მასთან ერთად იშლება დაწესებულება, მენიუ, სურათები, ანალიტიკა და შეფასებები. წაშლამდე შეგიძლია ჩამოტვირთო სრული ექსპორტი; ანალიტიკის ექსპორტი მოიცავს ბოლო 90 დღეს.
მონაცემებზე წვდომის, გასწორების ან წაშლის მოთხოვნისთვის მოგვწერე: skanoqr@gmail.com.